ჯოკოვიჩი - პატივს ვცემ ნადალისა და ფედერერის არჩევანს, მაგრამ არ ვეთანხმები მათ
ჯოკოვიჩი - პატივს ვცემ ნადალისა და ფედერერის არჩევანს, მაგრამ არ ვეთანხმები მათ

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გაოცებულია ესპანელი რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის პოზიციით, რომლებიც ახალი ორგანიზაციის – ჩოგბურთში პროფესიონალი მოთამაშეების ასოციაციის (PTPA) წინააღმდეგ გამოვიდნენ. პროფკავშირების ტიპის ამ ორგანიზაციას სათავეში სწორედ ჯოკოვიჩი ჩაუდგა.

„მე მათ დავუკავშირდი. ადრე ერთად არა ერთხელ განვიხილეთ ეს პროექტი. იქამდე მქონდა მათთან კონტაქტი, სანამ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებდით. ასე რომ, ისინი გარკვეულნი იყვნენ სიტუაციაში“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ასევე 33 წლის სერბმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს მათ პოზიციას, მაგრამ არ შეუძლია მისი გაზიარება.

„რა თქმა უნდა, მე სრულად პატივს ვცემ მათ არჩევანს. არ სურთ იყვნენ ამ ყველაფერში გარეულნი, მიაჩნიათ, რომ დღეს არ არის შესაფერისი დრო. ეს მათი აზრია, მაგრამ მე არ ვეთახმები მას. მოთამაშეთა ასოციაციის შექმნისთვის ნებისმიერი დრო შესაფერისია“, – დაასკვნა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა დატოვა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მოთამაშეთა საბჭო. PTPA-სთვის ხელმძღვანელობას სერბი კანადელ ვასეკ პოსპიშილთან ერთად აპირებს.

იგეგმება, რომ ახალი ორგანიზაცია დაიცავს რეიტინგის TOP500-ში მყოფი ჩოგბურთელების ინტერესებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – შემოსავლების განაწილება, სადისციპლინო ზომები, მოგზაურობა და დაზღვევა.