ჯოკოვიჩი მადრიდის „მასტერის“ ფინალში - ნადალი ციციპასმა გამოაგდო
ჯოკოვიჩი მადრიდის „მასტერის“ ფინალში - ნადალი ციციპასმა გამოაგდო

მადრიდის „მასტერსის“ მთავარ პრიზს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი გაითამაშებენ.

ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ორ სეტში მოუგო ავსტრიელ დომინიკ ტიმს, რომელმაც წინა ეტაპზე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა. ორივე პარტიაში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე სეტშიც ტიმი ბრეიკით გადიოდა წინ, მაგრამ ჯოკოვიჩმა ორივეჯერ შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება. ტაი-ბრეიკებში კი სერბის უპირატესობა აშკარა იყო – 7:6(2), 7:6(4). მატჩი ორი საათი და 25 წუთი გაგრძელდა.

მეორე ნახევარფინალში ციციპასი და ესპანელი რაფაელ ნადალი ორი საათი და 36 წუთი არკვევდნენ ურთიერთობას. პირველ სეტში ციციპასი მუდმივად წინ იყო. ნადალმა მას ორჯერ უპასუხა უკუბრეიკით, თუმცა, მესამედ ეს ვერ მოახერხა. მეორე სეტში ესპანელმა 2:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში ნადალს საკუთარ მოწოდებაზე თამაში არ წაუვიდა – მან მეტოქეს რვა ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა და ციციპასმა სამი ბრეიკი შეასრულა, რასაც რაფამ ერთით უპასუხა. ბერძენმა სამ სეტში მოიგო – 6:4, 2:6, 6:3. ის მეოთხედ შეხვდა ნადალს და ლეგენდარულ ესპანელს პირველად მოუგო.

ახლა, ციციპასი ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება. ბერძენს სერბთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს – 2:0.