ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსს“ გამოეთიშა - სერბმა 2018 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი #1TVSPORT
ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსს“ გამოეთიშა - სერბმა 2018 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ინდიან უელსის „მასტერსზე“ მესამე წრეში გასვლა. სერბმა ჩოგბურთელმა სამ სეტში წააგო მსოფლიოს 85-ე ნომერთან, ბოტიკ ვან დე ზანდსხულპთან – 2:6, 6:3, 1:6.

შეხვედრა ორი საათი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში ჯოკოვიჩმა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ოთხიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა. ნიდერლანდელის ანგარიშზე იყო ოთხი ეისი, ოთხი ორმაგი შეცდომა და რვიდან ხუთი რეალიზებული ბრეიკპოინტი.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 2018 წლის შემდეგ, როცა ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ვან დე ზანდსხულპთან წაგებამდე იყო დოჰას ტურნირზე პირველ წრეში მარცხი იტალიელ მატეო ბერეტინისთან და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან წაგება.

„ცხადია, რომ არანაირი გამართლება არ აქვს ჩემს სუსტ თამაშს. ძალიან არასასიამოვნოა, როცა ასე თამაშობ, მაგრამ ვულოცავ მეტოქეს. როგორც ჩანს, უბრალოდ უიღბლო დღე იყო ჩემთვის.

იმედგაცრუებული ვარ ჩოგბურთის დონით, რომელიც დღეს ვაჩვენე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორი მონდომებით ვვარჯიშობდი ბოლო დღეებში“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის მარცხს სერბმა.

ჯოკოვიჩისთვის ერთადერთი დადებითი მომენტი ის იყო, მან „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე მე-500 მატჩი ჩატარა. ის გახდა მეორე ჩოგბურთელი ისტორიაში რაფაელ ნადალის შემდეგ, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.