ჯო ბაიდენთან შეხვედრისას მექსიკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს
ჯო ბაიდენთან შეხვედრისას მექსიკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა პირობა დადო, რომ საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მექსიკელ კოლეგასთან შეხვედრისას ჯო ბაიდენმა იმიგრაციას „ნახევარსფეროს გამოწვევა“ უწოდა.

ერთობლივ განცხადებაში ორი ქვეყნის მთავრობებმა პირობა დადეს, რომ გადადგამენ დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ ნაბიჯებს მათ ქვეყანაში მიგრანტთა ნაკადების სამართავად, ასევე მზარდ ინფლაციასთან გასამკლავებლად ორმხრივი ვაჭრობის განვითარებით.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენისა და ობრადორის შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, მექსიკის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად აშშ-ში ამერიკის ქვეყნების სამიტი გამოტოვა ბაიდენის გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია კუბის, ვენესუელისა და ნიკარაგუას მემარცხენე მთავრობები.

„იმ გაბერილი სათაურების მიუხედავად, რომლებსაც ზოგჯერ ვხედავ, მე და თქვენ გვაქვს ძლიერი, ნაყოფიერი ურთიერთობები“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მექსიკელ კოლეგასთან შეხვედრისას.

მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების 2,8 მილიონზე მეტი დაკავება დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შეხვედრისას ბაიდენმა ისაუბრა გასულ წელს დამტკიცებულ ორპარტიული ინფრასტრუქტურულ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც კანადასა და მექსიკის საზღვარზე გამშვები პუნქტების განვითარებისთვის 3,4 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საზღვარს უფრო უსაფრთხოს გახდის.

თავის მხრივ, მექსიკა 2022-2024 წლებში საზღვრის ინფრასტრუქტურისთვის 1,5 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

ამასთან, ლოპეს ობრადორმა მოუწოდა აშშ-ის მთავრობას, დაუშვას მეტი ლეგალური სამუშაო ვიზა მექსიკის მოქალაქეებისთვის.