ჯო ბაიდენს ფედერალური მუშაკებისთვის ახალი კოვიდრეგულაციები შემოაქვს
ჯო ბაიდენს ფედერალური მუშაკებისთვის ახალი კოვიდრეგულაციები შემოაქვს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ფედერალური მუშაკებისთვის ახალი კოვიდრეგულაციები შემოაქვს. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის სამთავრობო დაწესებულებების მუშაკებს და კონტრაქტორებს სამსახურში ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა ან ნიღბის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულარული ტესტირება მოუწევთ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სამთავრობო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებსაც არ ექნებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ „კოვიდ-19“-ის ტესტი ჩაუტარდებათ და სამსახურებრივ მივლინებებზე შეზღუდვები დაუწესდებათ. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაცვის დეპარტამენტს სამხედროების მასობრივი ვაქცინაციის საკითხის შესწავლა დაავალა.

თეთრი სახლის სპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, ვალდებულია, იზრუნოს საკუთარი სამუშაო ჯგუფის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, სპიკერის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით მთავრობა მაგალითს მისცემს კერძო სექტორსაც, რომ მსგავსი ზომები კერძო კომპანიებმაც დააწესონ საკუთარი პერსონალის მიმართ.

2020 წლის მონაცემებით, აშშ-ის სამთავრობო დაწესებულებებში 2,18 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს. გარდა ამისა, 570 000-ზე მეტი პირი დასაქმებულია აშშ-ის საფოსტო სამსახურში, რომელიც ასევე სამთავრობო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია.

დატოვე კომენტარი