ჯო ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა - რამდენიმე დღის წინ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, პუტინის აგრესიის გამო, მოწყდით მსოფლიოს, ის რუსეთს მეცხრამეტე საუკუნეში აბრუნებს
ჯო ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა - რამდენიმე დღის წინ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, პუტინის აგრესიის გამო, მოწყდით მსოფლიოს, ის რუსეთს მეცხრამეტე საუკუნეში აბრუნებს

რამდენიმე დღის წინ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, პუტინის აგრესიის გამო, მოწყდით მსოფლიოს, ის რუსეთს მეცხრამეტე საუკუნეში აბრუნებს, – ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემი გზავნილი რუსი ხალხისადმი შემდეგია – მე ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობ რუსეთის ლიდერებთან. მე ვიჯექი მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან საბჭოთა პერიოდიდან, პრემიერ ალექსეი კოსიგინთან ვსაუბრობდი შეიარაღების კონტროლზე ცივი ომის პერიოდში. ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად ვესაუბრებოდი რუს ხალხს. ახლა მომისმინეთ, თუ ამისი საშუალება გაქვთ – თქვენ, რუსი ხალხი არ ხართ ჩვენი მტრები. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვებისა და მოხუცების მკვლელობას ან რომ თქვენთვის მისაღებია საავადმყოფოების, სკოლების, სამშობიარო სახლების რუსული რაკეტებით დაბომბვას ან ქალაქების ალყაში მოქცევას, ისე რომ მოქალქეებს არ შეუძლიათ გაქცევა, მომარაგება დაბლოკილია და უკრაინელები იძულებული არიან, იშიმშილონ. მილიონობით ადამიანი გააგდეს სახლებიდან. მათგან ნახევარი უკრაინელი ბავშვია. ეს არ არის დიადი ერისთვის დამახასიათებელი ქმედებები. ყველა ადამიანს ევროპაში და მათ შორის თქვენს რუს ხალხს ჯერ კიდევ გახსოვთ, რომ იგივე სიტუაციაში იყავით 30-იან 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს მოგონება ჯერ კიდევ ცოცხალია ამ რეგიონში, ბებიებისა და ბაბუების მოგონებებში. რაც არ უნდა გამოეცადა თქვენს თაობას, იყო ეს ლენინგრადის ბლოკადა, ან უბრალოდ, გაგიგიათ ამის შესახებ მშობლებისგან. როდესაც სარკინიგზო სადგურები გადავსებული იყო შეშინებული ხალხით, რომელიც გარბოდა და ღამეებს ათენებდა სარდაფებში – ეს აღარ არის წარსული მოგონებები. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსული არმია აკეთებს უკრაინაში 2022 წლის 26 მარტს. სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, იმედებით და მოლოდინებით აღსავსე, რაც მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს აქვს, ახლა კი, ვლადიმერ პუტინის აგრესიის გამო, თქვენ მოწყდით მსოფლიოს. ის რუსეთს მეცხრამეტე საუკუნეში აბრუნებს. თქვენ არ ხართ ასეთები, ეს არ არის მომავალი, რომელსაც თქვენ და თქვენი ოჯახები იმსახურებენ. მე სიმართლეს გეუბნებით, ეს ომი არ არის რუსი ხალხის საკადრისი. პუტინს შეუძლია და მან უნდა დაასრულოს ეს ომი. აშშ თქვენ გვერდით დგას და მამაცი უკრაინელი ხალხიც, რომელსაც მშვიდობა სურს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ევროპელებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ აშშ ევროპას დაეხმარება ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში.

„ჩემი გზავნილი ევროპისადმი არის ასეთი – ამ ახალმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის ნათელი გახადა, რამდენიმე რამ. პირველი – ევროპამ უნდა დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე და აშშ ამაში დაგეხმარებათ. სწორედ ამიტომ ვიყავი ბრიუსელში და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად წარვადგინეთ გეგმა, რომელიც ევროპას დაეხმარება არსებული ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში; და მეორე, ჩვენ უნდა შევებრძოლოთ კორუფციას, რომელიც კრემლიდან მოდის, რათა რუს ხალხს ჰქონდეს სამართლიანი შანსი და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აბსოლუტური ერთიანობა, მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობა. საკმარისი არ არის რიტორიკული საუბარი თავისუფლებასა და თანასწორობაზე, ყველა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს მძიმე სამუშაო დემოკრატიისთვის ყოველდღიურად.

სწორედ ამიტომ ჩამოვედი ევროპაში, მკაფიო გზავნილით ნატო-სთვის, დიდი შვიდეულისთვის, ევროკავშირისთვის და ყველა თავისუფლების მოყვარე ერისთვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ დღეს და შევინარჩუნოთ ერთიანობა დღეს, ხვალ და წლების განმავლობაში. ეს არ იქნება იოლი. ამას მოჰყვება საფასური, მაგრამ ეს არის ფასი, რომელის გადახდაც საჭიროა, რადგან სიბნელე, რომელიც მოაქვს ავტოკრატიას, არ შეესაბამება იმ სინათლეს, რომელი ანთებულია თავისუფალი ადამიანების სულებში. ისტორია დროდადრო შეგვახსენებს, რომ ყველაზე ბნელ მომენტებს მოჰყვება პროგრესი. ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს არის ჩვენი თაობის ამოცანა. მოდით, გავიხსენოთ ჩაქუჩი, რომელმაც ბერლინის კედელი დაანგრია და ძალა, რომელმაც ჩამოხსნა რკინის ფარდა. ეს არ იყო ერთი ლიდერის სიტყვები – ეს იყო ევროპელი ხალხი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის. სწორედ ამ ძალას ვერ გაუძლო საბჭოთა კავშირმა და სწორედ ამ ძალას ვხედავთ ახლა კიდევ ერთხელ უკრაინაში, სადაც მამაცი უკრაინელი ხალხი აჩვენებს ყველას, რომ ძალა ერთობაშია და ეს ძალა უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი დიქტატორის ნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.