ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა მაღალი შეფასება მისცეს თავიანთი გუნდების ერთობლივ მუშაობას აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიაში ჰუმანიტარული დახმარების აღდგენის ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან რუსეთში ბაზირებულ კიბერდამნაშავეებზე ისაუბრა, რომელთა გამოსასყიდის მოთხოვნით განხორციელებულმა კიბერთავდასხმებმა აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები დააზარალა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა რუსეთის მთავრობის მხრიდან რუსეთში მოქმედი კიბერდამნაშავეების მიმართ ზომების მიღების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მზად არის მათ წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად.

ვლადიმერ პუტინთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ განახორციელებს ყველა აუცილებელ ქმედებას, რომ ამ გამოწვევისგან დაიცვას საკუთარი ხალხი და ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განცხადა, რომ რუსეთიდან განხორციელებული კიბერთავდასხმის საპასუხოდ მომდევნო დღეებში ან კვირებში აშშ აუცილებლად განახორციელებს საპასუხო ქმედებებს, რომელთაგან ზოგი აშკარა და შესამჩნევი იქნება, ზოგი კი არა.