ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს
ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეთა შორის „დაცული სატელეფონო კავშირით“ გამართული საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და თბილისის დროით 21:06 საათზე დასრულდა.

ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ საკუთარი ძალების ნაწილი უკრაინიდან გაიყვანა და ოფიციალურმა ვაშინგტონმა ამ ქვეყანაში არსებული საკუთარი საელჩოს თანამშრომლების უმეტესობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბაიდენმა და პუტინმა ბოლო სატელეფონო საუბარი 2021 წლის მიწურულს გამართეს. მათ შორის პირველი პირისპირ შეხვედრა კი, 2021 წლის ივნისში გაიმართა.

უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებთან აქტიური მოლაპარაკებების სერიაშია ჩართული.

ბაიდენთან საუბრამდე, პუტინს აგრეთვე სატელეფონო ხაზით დიალოგი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. ეს საუბარიც, არსებული ცნობებით, საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა „მინსკის შეთანხმებების“ განხორციელების წინსვლის გზები განიხილეს და ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობებზე გამართეს დისკუსია. არსებული ინფორმაციით, ამ ორ საკითხზე ლიდერებმა დიალოგის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა თანამოსაუბრეს ევროპელი პარტნიორებისა და მისი მოკავშირეების შეშფოთება გააცნო. მან პრეზიდენტ პუტინს უთხრა, რომ გულწრფელი დიალოგი სიტუაციის ესკალაციას არ შეესაბამება“, – ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.