ჯო ბაიდენი - პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მითვისება, მისი ქმედებები იმის ნიშანია, რომ უჭირს
ჯო ბაიდენი - პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მითვისება, მისი ქმედებები იმის ნიშანია, რომ უჭირს

პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მითვისება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს.

„აშშ-სა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარები არ შეაშინებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მან ჩაატარა და ეს რუტინა, რაც მან დღეს აჩვენა; ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია და ასე შემდეგ; აშშ ამას არასდროს აღიარებს. მსოფლიოც არ აღიარებს. პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის მითვისება და წყლიდან მშრალად გამოსვლა. ეს მარტივია. ჩვენ გეზს არ შევიცვლით. მივაწოდებთ სამხედრო აღჭურვილობას, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს; შეძლოს ტერიტორიისა და თავისუფლების დაცვა. ეს დახმარება მოიცავს კონგრესის მიერ გამოყოფილ დამატებით რესურსს, 13 მილიარდ დოლარს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ და ნატო-ს ალიანსი ტერიტორიის დასაცავად მზადაა.

„აშშ და ნატო-ს მოკავშირეები სრულ მზადყოფნაში არიან, ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვან. ბატონო პუტინ, მინდა, სწორად გაიგოთ, რასაც ვამბობ. დღესვე ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ითვალისწინებს სანქციების დაწესების შესაძლებლობას ყველა იმ პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თაღლითურ პრეტენზიებს ახალ ტერიტორიებზე. მე მჭიდრო კონტაქტი მაქვს ნატო-ს მოკავშირეებთან, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის აგრესიას“, – განაცხადა ბაიდენმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.