ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი - გაყოფილი, არ მგონია, ახლაც იმავეს ფიქრობდეს, ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში, ჩვენ ერთად ვდგავართ
ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი - გაყოფილი, არ მგონია, ახლაც იმავეს ფიქრობდეს, ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში, ჩვენ ერთად ვდგავართ

უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში.

„კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კიევი არ დაცემულა.

„თქვენ მითხარით, რომ არ იცოდით, როდის შევძლებდით ისევ საუბარს. ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს მსოფლიო, ფაქტობრივად, ემზადებოდა კიევის დაცემისთვის. ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ამერიკა და მთელი მსოფლიო თქვენ გვერდით დგას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი – გაყოფილი.

„ის ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვიძლებდა. არ მგონია, რომ ახლაც იმავეს ფიქრობდეს. ის, უბრალოდ, შეცდა. ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.