ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ჩაატარებს თავისუფლების საპრეზიდენტო მედლებით დაჯილდოების ცერემონიას. ლაურეატებს შორის იქნება „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი. ამის შესახებ იტყობინება ABC News.
ეს მედალი ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა. ის გადაეცემა ადამიანებს, რომლებმაც „განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების აყვავებაში, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის ან სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სახელმწიფო თუ კერძო წამოწყებისთვის“.
დასრულებულ სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ 2025 წლის ზამთრამდეა ძალაში.