ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ვაქცინაციის ტემპი აჩქარდება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ვაქცინაციის ტემპი აჩქარდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას აანონსებს. ბაიდენის განცხადებით, აშშ-ში ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ვაქცინაცია 19 აპრილისთვის უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან ვირჯინიის შტატში, ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრის მონახულების შემდეგ განაცხადა. მანამდე, მის მიერ დათქმული თარიღი პირველი მაისი იყო.

„11 მარტს მე გამოვაცხადე, რომ ყველა ზრდასრულისთვის ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნებოდა პირველი მაისისთვის. ბევრმა გუბერნატორმა, „დემოკრატმა“ და „რესპუბლიკელმა“ ამას უპასუხა და გადაწყვიტა, ამ მიზნისთვის მიეღწია, რაც კარგია. მათი, ამერიკელი ხალხისა და ჩემი გუნდის დიდი მუშაობის შედეგად, დღეს მე ვაცხადებ, რომ მთელი ქვეყნის ფარგლებში ეს თარიღი პირველი მაისიდან 19 აპრილისთვის გადმოგვაქვს. ეს ნიშნავს, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა, ამ ქვეყნის ყველა ნაწილში 18 წელს გადაცილებული ყოველი ზრდასრული შეძლებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს, გააგრძელონ პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვა, რადგან აშშ ჯერ კიდევ არ არის „ფინიშის ხაზზე“.

„ვირუსი ვრცელდება, რადგან გვყავს ზედმეტად ბევრი ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ უკვე ფინიშის ხაზზე ვართ. ნება მიბოძეთ, ვიყო უკიდურესად სერიოზული. ჩვენ არ ვართ ფინიშის ხაზზე. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. კიდევ ამ ვირუსთან სიკვდილ-სიცოცხლის რბოლაში ვართ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.