ჯიპას რექტორმა საქართველოსთვის ფეხბურთის მნიშვნელობაზე ილაპარაკა - საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი ოფიციალურად გაიხსნა
ჯიპას რექტორმა საქართველოსთვის ფეხბურთის მნიშვნელობაზე ილაპარაკა - საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი ოფიციალურად გაიხსნა

ფაბრიკაში სასწავლო კურსის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ოფიციალური ცერემონია გაიმართა. კურსის მონაწილეებს სასწავლო პროცესის დაწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა მაკა იოსელიანმა მიულოცეს.

ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მესამე წელია ახორციელებს, ხოლო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი მისი თანადამფინანსებელია. პროგრამის მიზანი საფეხბურთო სფეროს წარმომადგენელტა მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. ამავე დროს, გაეცნობიან მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს, სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

სასერტიფიკატო პროგრამების ხანგრძლივობაა 4 თვე – კურსის მსმენელები საფეხბურთო კლუბების და ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები არიან. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

ლევან კობიაშვილმა პროგრამის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის განათლება ერთერთი პრიორიტეტია. ამიტომ ეს საკითხი “მომავალის 11”-ში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. მოხარული ვარ, რომ ჯიპას სახით ძალიან კვალიფიციური პარტნიორი გვყავს, რაც კურსის უმაღლეს ხარისხს განსაზღვრავს. დიდი მადლობა მათ, რადგან საჭიროდ ჩათვალეს და საფეხბურთო განათლება პრიორიტეტად აქციეს. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც უკვე გახდით რჩეულები და დიდი კონკურენციის შედეგად ამ კურსის მონაწილეები ხართ“- ამბობს ლევან კობიაშვილი.

მაკა იოსელიანი, ჯიპას რექტორი: „ლევანის ხელმძღვანელობით, ფეხბურთის ფედერაციის გუნდი, ჩვენს რეალობაში იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ინსტიტუციას სფეროს განვითარების მიმართ ასეთი პროგრესული, ასეთი ზუსტი და დროული მიდგომა აქვს. ეს ნიშნავს, რომ სფფ ხედავს და გრძნობს დღევანდელ მოთხოვნებს და სფეროს განვითარებისთვის განათლება როგორი მნიშვნელოვანია. ფეხბურთის ფედერაცია, მიუხედავად საკუთარი დიდი გამოცდილებისა, საკუთარ თავში არ ჩაიკეტა და მიხვდა, რომ ასეთი პროექტების განხორციელებაში პარტნიორი სჭირდება. ის, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის როგორც რაციონალურად, ისე ემოციურად, ამაზე ყველანი ვთანხმდებით“.