ჯინჯოლავას „კადისის“ ბაზა მოეწონა - რთული იქნება, მაგრამ ჩემი მიზანი ლა ლიგაში თამაშია #1TVSPORT
ჯინჯოლავას „კადისის“ ბაზა მოეწონა - რთული იქნება, მაგრამ ჩემი მიზანი ლა ლიგაში თამაშია #1TVSPORT

გიორგი ჯინოლავა ცოტა ხნის წინ ესპანეთის ლა ლიგის „კადისში” ჩაირიცხა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ „საბურთალოს“ აკადემიის მეორე ფეხბურთელია,  რომელიც კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

20 წლის მცველმა ესპანეთში გადასვლასა და პირველ შთაბეჭდილებებზე კომენტარი გააკეთა:

„მე რომ „კადისში” ჩავირიცხე და ესპანეთში ვთამაშობ, გუნდის ხელმძღვანელების, ტარიელ ხეჩიკაშვილისა და კახა კაშიას დიდი დამსახურებაა. ისინი ყველანაირად გვერდში დამიდგნენ და განვითარების საშუალება მომცეს. ესპანეთში ჩასულს კლუბის ბაზა დამათვალიერებინეს, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კლუბის განკარგულებაში რამდენიმე მინდორია, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურსაფრიანი. ასევე, სატრენაჟორო დარბაზები, იდეალური გარემო. კადისი ზღვისპირა ქალაქია, ხალხიც განსხვავებულია – ბევრი თბილი და კეთილად განწყობილი ადამიანია“, – ამბობს ჯინჯოლავა.

გიორგიმ სავარჯიშო პროცესზეც ილაპარაკა:

„ესპანეთში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი და მეორე გუნდის შემადგენლობაში ვივარჯიშე. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული – როგორც წარმოვაჩენ თავს, ისეთ შედეგს მივიღებ. პირველ გუნდამდე ერთი ნაბიჯია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადგილი დავიმკვიდრო ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. მთავარ მწვრთნელთან ვილაპარაკე და მითხრა, რომ ჩემს თამაშებს თვალს ადევნებდა, მიხარია, რომ ახლა ჩვენთან ხარ და აქ გააგრძელებ კარიერასო. მისგან დავალებებიც მივიღე. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ლა ლიგაში თამაში და „კადისის“ მთავარ გუნდში მოხვედრაა. ვიცი მარტივი არ იქნება, ამისთვის ბევრი შრომა მომიწევს“.

ჯინჯოლავას თქმით, კარგი ურთიერთობა აქვს ესპანეთში გადასულ „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილთან, „ლევანტეს“ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილთან:

„ჯერ შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, რადგან ქალაქებს შორის სხვაობა 100 კილომეტრია. თუმცა, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. გუშინაც ვისაუბრეთ. გიორგი ესპანეთში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და გამოცდილება დაუგროვდა. მის რჩევებს ვითვალისწინებ. ესპანეთში 2 წლის წინაც ვიყავით. მაშინაც მცირე გამოცდილება მივიღე, რომელიც ახლა გამომადგა. ენის მხრივ, საფეხბურთო თემაზე როდესაც საუბრობენ, ბევრი რაღაცეები მესმის, სალაპარაკოს ნელ-ნელა ვსწავლობ“.

20 წლის მცველმა ყოფილ კლუბზეც ისაუბრა:

„საბურთალოში“ გამოვდიოდი, მაგრამ წავედი – მსგავსი ეტაპი ფეხბურთელის ცხოვრებაში ყოველთვის დგება. არ იყო იოლი, მაგრამ „საბურთალო“ იყო, არის და იქნება ერთი დიდი ოჯახი. ფეხბურთელებთან ყველასთან ვმეგობრობ, ძალიან თბილად დავემშვიდობე. „საბურთალო“ ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება“.