ჯინჯოლავა „კადისს“ შეუერთდა #1TVSPORT
ჯინჯოლავა „კადისს“ შეუერთდა #1TVSPORT

გიორგი ჯინჯოლავა უკვე ესპანეთშია და „კადისთან“ ერთად ვარჯიშობს. „საბურთალოს“ ფეხბურთელმა ლა ლიგის კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით გააფორმა.

ჯინჯოლავა იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია. აღსანიშნავია, რომ 20 წლის მოთამაშე გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი მეორე ფეხბურთელია, რომელიც ლა ლიგის გუნდში გადავიდა, მაგრამ ის თავიდან „კადისის“ სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

„კადისი“ ესპანეთის ლა ლიგის კლუბია, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა.

ბოლო წლებში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოდან“ უცხოეთში სათამაშოდ არაერთი მოთამაშე წავიდა – გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, დათა ხოჭოლავა, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი. ბოლოს „საბურთალო“ გიორგი კოხრეიძემ დატოვა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ ითამაშებს. 22 წლის თავდამსხმელი საფრანგეთში ახლახანს წავიდა.