ჯიმი ტაბიძემ „დინამო თბილისი“ დატოვა #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძემ „დინამო თბილისი“ დატოვა #1TVSPORT

„დინამო თბილისისა“ და ჯიმი ტაბიძის გზები გაიყო. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა კლუბი დატოვა, – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ჯიმი ტაბიძემ „დინამო თბილისი“ დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ჯიმი ტაბიძეს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და სამაგალითო პროფესიონალიზმისთვის. წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ტაბიძემ პროფესიული კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო 2015 წლის ზაფხულში ბელგიის ჩემპიონ „გენტში“ ჩაირიცხა. 2017 წლის 1 ივლისიდან თამაშობდა რუსულ კლუბ „უფაში“, საიდანაც 2022 წელს „კორტრეიკში“ გადავიდა, მაგრამ ბელგიური კლუბი სწრაფად დატოვა და „დინამოში“ ჩაირიცხა.

ამ პერიოდის განმავლობაში თბილისური გუნდის მაისურით 36 მატჩი ჩაატარა. იყო გუნდის კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი. 2022 წლის სეზონში „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, მიმდინარე წელს კი სუპერთასსაც დაეუფლა.

ტაბიძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში. სულ „ჯვაროსნებში“ 15 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა.