ჯილდოები მიღებულია - ლორიას კარგი თამაშები დაუფასდა #1TVSPORT
ჯილდოები მიღებულია - ლორიას კარგი თამაშები დაუფასდა #1TVSPORT

გიორგი ლორიამ ჯილდოები კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 და მე-8 თამაშებში საუკეთესო სეივებისთვის მიიღო. გამოკითხვა კვიპროსის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის (PA.S.P.) გვერდზე მიმდინარეობდა და ორივე ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარემ გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

გიორგი ლორიამ ჯილდოს გადაცემის შემდეგ კომენტარი გააკეთა და დაჯილდოების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„ასეთი ჯილდოების მიღება ძალიან კარგი გრძნობაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ასეთი აღიარებები დამატებით სტიმულია“, – ამბობს ლორია.

სამი სეზონია, რაც გიორგი კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობს. მისი აზრით, წლეულს ყველაზე რთული ჩემპიონატია.

„წინა სეზონებიც რთული იყო. თუმცა წლევანდელ ჩემპიონატში ბევრი ძლიერი გუნდია, რომლებსაც ჩემპიონობა შეუძლიათ. გარდა ამისა, ზოგადად, ყველა გუნდი ძლიერია, წინასწარ ვერ გაიგებ, შეხვედრას ვინ მოიგებს, რაც ჩემპიონატის დონეს ამაღლებს“.

გიორგი ლორიას „ინსტაგრამზე“ მისი სახელის გვერდით ფრჩხილებში სხვა სახელი აქვს – ჰანზო ჰასაში, რომელიც Mortal Kombat-ის ერთ-ერთი გმირია (scorpion). თურმე, გიორგი მრავალი წლის განმავლობაში Mortal Kombat-ს თამაშობს.

„დიახ, ჰანზო ჰასაშის (მორიელი) პერსონაჟი მომწონს. პატარა რომ ვიყავი და პირველად ვითამაშე, მას შემდეგ ჩემი საყვარელი თამაშია და მობილურზე დღემდე ვერთობი. ასევე მსიამოვნებს თამაშის ისტორიის, ფილმების და ანიმაციური სერიალის ყურება“.