მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯერომ ბოატენგმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„დრო მოვიდა“, – დაწერა 37 წლის გერმანელმა სოციალურ ქსელში.
ბოატენგი ბერლინის „ჰერტას“ აღზრდილია. მშობლიურ გუნდში მას დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. ამის შემდეგ ის თამაშობდა „ჰამბურგში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ბაიერნში“, „ლიონში“, „სალერნიტანასა“ და „ლინცერში“. ყველაზე მეტი მატჩი მან „ბაიერნში“ ჩაატარა – 363.
გერმანიის ნაკრებში ბოატენგს 76 მატჩი და ერთი გოლი დაუგროვდა. ეროვნულ გუნდთან ერთად ის 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საკლუბო დონეზე კი ცხრა ტიტული აქვს მოგებული ბუნდესლიგაში.