ჯერი კონოლი - საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში
ჯერი კონოლი - საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში

საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში, – ასეთი განცხადება გააკეთა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში დემოკრატია მომავალშიც შენარჩუნდეს.

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საქართველოს პროგრესის, დემოკრატიის განვითარების თაობაზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ ასევე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში თუნდაც ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა სომხეთი და რომელსაც უნდა წინსვლა და დემოკრატიული განვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, აქ მიმდინარე მოვლენებზე და გამოვხატეთ იმედი, რომ პროექტი „ჰაუს დემოკრასი“, რომელიც კონგრესმენებისგან შემდგარი ჯგუფია და თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში საპარლამენტო რესპუბლიკებთან, რომლებსაც სურთ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, კიდევ ერთხელ ეწვევა საქართველოს გაზაფხულზე. თუკი ევროპის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დემოკრატია შეიძლება მყიფეც იყოს და მტკიცეც, და თუ არ არსებობს ფუნდამენტური მზადყოფნა და ნება დემოკრატიისკენ სწრაფვისა, დემოკრატია გაუარესდება. ამიტომ, ჩვენ, ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ეს არ მოხდეს საქართველოში. მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტში პატივს სცემენ ოპოზიციას და არჩევნების შედეგებს. ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ქვაკუთხედი – პატივი ვცეთ შედეგებს მაშინაც კი, თუკი ჩვენ ეს არ მოგვწონს. მე ხელახლა წარვადგინე კანონპროექტი, რომ გამომეხატა კონგრესის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ქართველი ხალხისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი, და იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი ახალ კონგრესში მოხვდება“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში იმყოფება. დელეგაცია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.