ჯერემი კორბინი - ტერეზა მეი ანგარიშვალდებული არის არა აშშ-ის პრეზიდენტის, არამედ ჩვენი პარლამენტის წინაშე
ჯერემი კორბინი - ტერეზა მეი ანგარიშვალდებული არის არა აშშ-ის პრეზიდენტის, არამედ ჩვენი პარლამენტის წინაშე

გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა ბრიტანეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პარლამენტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა. მან ტერეზა მეი 14 აპრილს აშშ-სა და საფრანგეთის ავიაციასთან ერთად სირიის მთავრობის წინააღმდეგ კოორდინირებული ავიაიერიშის გამო გააკრიტიკა.

„გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებული არის არა აშშ-ის პრეზიდენტის, არამედ ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე. მან ავიადარტყმის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ნებართვის გარეშე მიიღო“, – განაცხადა კორბინმა.

კორბინის გამოსვლას კონსერვატორების მხრიდან შეძახილი და კრიტიკა მოჰყვა. მის საპასუხოდ მოგვიანებით პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სირიის მთავრობის წინააღმდეგ ავიაიერიშის შესახებ გადაწყვეტილება არა ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნით, არამედ სირიის მთავრობისთვის ქიმიური იარაღის მარაგის განადგურების მიზნით მიიღო.

ჯერემი კორბინმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ თეთრ ფოსფორს საუდის არაბეთიც იყენებს, თუმცა ამ ქვეყნის წინააღმდეგ ავიაიერიშის განხორციელება არც ერთ ქვეყანას დღის წესრიგში არ დაუყენებია.

14 აპრილს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ავიაციამ იერიში მიიტანა დამასკოში მდებარე ლაბორატორიაზე, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ. ასევე, ჰომსში მდებარე ორ ობიექტზე, სადაც ქიმიური იარაღის მარაგი ინახებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პენტაგონმა სირიის ქალაქ დუმაში სირიის მთავრობის მიერ ქლორის გაზის გამოყენების საპასუხოდ მიიღო, რასაც 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.