ჯერ მოთამაშე გააძევებინა, შემდეგ გაიტანა - ვოლკოვმა ყოფილ გუნდთან გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა თავის ყოფილ გუნდთან, „გაბალასთან“ და „საბაჰს“ გამარჯვებაში დაეხმარა 3:0.

ქართველი თავდამსხმელი აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-20 ტურის გასვლით მატჩში ბაქოს „საბაჰის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 64 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ზურაბ ოჩიგავას, რომელიც კიევის „დინამოს“ აღზრდილია.

„ჯვაროსნების“ 27 წლის თავდამსხმელმა „გაბალას“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. 27-ე წუთზე მასთან უხეშობისთვის მასპინძელთა მცველმა რუან რენატომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

ვოლკოვმა დაუდო სათავე სტუმართა გამარჯვებას. მას 53-ე წუთზე გოლი არ ჩაუთვალეს და უსაფუძვლოდ ხელით თამაში დაუფიქსირეს. მაგრამ 61-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-5 გოლი ჩაიწერა. 70-ე და 89-ე წუთებზე „საბაჰმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 3:0.

საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა ბაქოს „ნეფთჩიში“, რომელმაც საშინაო დაპირისპირებაში „ზირა“ 1:0 დაამარცხა. რაც შეეხება ვატო არველაძეს, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს, ამჯერად სათადარიგოებში დარჩა.

20 ტურის შემდეგ „საბაჰი“ 49 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 7 ქულით ჩამორჩება, საბა კვირკველიას და ვატო არველაძის „ნეფთჩის“ კი 8 ქულით ასწრებს.