„ჯეოქაფი“ საზეიმოდ დაიხურა #1TVSPORT
„ჯეოქაფი“ საზეიმოდ დაიხურა #1TVSPORT

დიღომში, ახალი ოლიმპიური სოფლის კომპლექსში ახალი საფეხბურთო ფესტივალი „ჯეოქაფი“ საზეიმოდ დაიხურა. მასშტაბურ ტურნირზე 32 გუნდი და 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

მატჩები 60/4-მეტრიან მოედნებზე 9/9-ფორმატით და 20-20 წუთიანი ტაიმებით ჩატარდა. ფესტივალის თავისებურება ის გახლდათ, რომ ქულები და გამარჯვებულები არ ვლინდებოდა, ბავშვები ფეხბურთს გართობისა და სიამოვნებისთვის თამაშობდნენ. ორგანიზატორებმა გამორჩეული მოთამაშეები ყველა ასაკში  დააჯილდოვეს.

ჯეოქაფის“ მხარდამჭერები არიან საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.

ფესტივალის ორგანიზატორი და მხარდამჭერები პირველად გამართული „ჯეოქაფით“ კმაყოფილები არიან – საქართველოს პირველ არხთან განაცხადეს, რომ ფესტივალი ტრადიციული და საერთაშორისო გახდება.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში კარგი ფეხბურთელები იზრდებოდნენ. საამისოდ მსგავსი ფესტივალი ყველაზე კარგი გზაა. მიხარია, რომ შევძელით და დავაფუძნეთ ტურნირი, რომელიც ტრადიციული უნდა გახდეს. რა დასამალია – ამ ფესტივალში უდიდესი ენერგია დაიხარჯა. მიზანს მაინც მივაღწიეთ – ჩვენთან არ იყო მოგება და წაგება, მაგრამ იყო ყველაზე ძვირფასი – ბავშვების დიდი სიხარული. ახალ ოლიმპიურ კომპლექსში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო. ეს იყო მათთვის და ჩვენთვისაც ყველაზე დიდი ჯილდო. შევეცდებით, მომავალ წელს „ჯეოქაფი“ საერთაშორისო ფესტივალი გახდეს.“, – ამბობს ტურნირის ორგანიზატორი თორნიკე მაისურაძე.

„ფესტივალზე ვნახეთ, რომ უამრავი ბავშვია, რომელთაც სურთ, სპორტსა და ფეხბურთში იყვნენ ჩართულები. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ფეხბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში ჩართვის საშუალება მივცეთ. საამისოდ საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გარემო, პლუს ორგანიზება, რომ მსგავსი ფესტივალები ჩავატაროთ. ამბიცია დიდია – მე რაც ვიცი, ორგანიზატორებს სურთ, რომ მომავალში ეს ფესტივალი საერთაშორისო გახდეს. ჩვენ კი ასეთ წამოწყებაში ყველანაირად გვერდში დავუდგებით. კარგია ისიც, რომ უკვე „ჯეოქაფსთანამდგომები გამოუჩნდა“ ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.