ჯეკ ნიკოლსონი კობის დაღუპვას გამოეხმაურა (ვიდეო)

ცნობილი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც ამავე დროს „ლეიკერსის“ აქტიური გულშემატკივარია, კობი ბრაიანტის მოულოდნელ სიკვდილს გამოეხმაურა. ოსკაროსანმა მსახიობმა კობის შესახებ ტელეკომპანია „სიბიესის” (CBS) ეთერში ისაუბრა.

„მომხდარზე მეც ისეთივე რეაქცია მაქვს, როგორც მთელს ლოს ანჯელესს. სადაც გვეგონა, რომ კედელი ყველაზე მტკიცე და მაგარი იყო, დიდი ხვრელი გაჩნდა. კობისთან შეხვედრას და დიალოგებს ისე შეჩვეული ვიყავი, რომ მომხდარმა უბრალოდ მომკლა. საშინელი ტრაგედია მოხდა.

ერთხელ, მედისონ სქუერ გარდენში ვიყავი. კობის კალათბურთის ბურთის ჩუქება შევთავაზე და ვკითხე თუ სურდა მას ჩემი ავტოგრაფი. მან ისე შემომხედა, თითქოს ვიღაც გიჟი ვყოფილიყავი. კარგად მახსოვს, რამდენად დიდი იყო. ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება და არ შევწყვეტთ მასზე ფიქრს. ძალიან მოგვენატრება.” – აცხადებს ნიკოლსონი.