ჯეისონ კიდმა ლეიკერსის გაწვრთნა მოისურვა
ჯეისონ კიდმა ლეიკერსის გაწვრთნა მოისურვა

მილუოკის ყოფილმა დამრიგებელმა ჯეისონ კიდმა კომენტარი გაუკეთა ამერიკულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას კალიფორნიაში სამუშაოს დაწყების შანსი გაუჩნდა. მწვრთნელის სიტყვები მოჰყავს ი-ეს-პი-ენს (ESPN).

„მზად ვარ ნებისმიერ დონეზე ვიმუშაო. კალიფორნია – შესანიშნავი ადგილია. ვნახოთ. სასიამოვნოა, როცა შენი ხილვა სადღაც სურთ. გამოდის, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. სამუშაოს გარეშე ერთი წელი დამეხმარა რაღაცეების გარკვევაში, ძალების აღდგენაში. უნდა დაველოდოთ სეზონის დასრულებას და ვნახოთ, როგორი შესაძლებლობები მექნება. იმედია, იქნება ისეთი წინადადება, რომელიც დამაკმაყოფილებს. რაც შეეხება ლეიკერსს, ის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ორგანიზაციაა მსოფლიოში. როცა ამ კლუბის ფორმის ტარების შანსი გეძლევა, რთულია ამაზე უარის თქმა. არ აქვს მნიშვნელობა, მოთამაშე ხარ თუ მწვრთნელი.
დღეს მათ ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ. მათთან მივიდა ლებრონი, რომელმაც დააჩქარა ყველა პროცესი. მას სწრაფად უნდა გამარჯვება, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო”, – განაცხადა კიდმა.

აღსანიშნავია, რომ ლეიკერსის გარდა, ცნობილი მწვრთნელისადმი ინტერესს კალიფორნიული უნივერსიტეტის გუნდიც გამოთქვამს.