ჯეიმს მატისი თანამდებობას 1-ელ იანვრამდე დატოვებს
ჯეიმს მატისი თანამდებობას 1-ელ იანვრამდე დატოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი თანამდებობას 2019 წლის 1-ელ იანვრამდე დატოვებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტს ჯეიმს მატისის მოადგილე, პატრიკ შანაჰანი დაიკავებს.

„მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენი ძალიან ნიჭიერი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პატრიკ შანაჰანი იქნება თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. პატრიკს მიღწევების დიდი სია აქვს, როდესაც ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ასევე როდესაც კომპანია Boeing-ში მუშაობდა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს მატისი თანამდებობას ორი თვით ადრე დატოვებს, ვიდრე ის ოფიციალურად გეგმავდა. Reuters-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ ჯეიმს მატისის წერილმა დონალდ ტრამპი გააღიზიანა. აშშ-ის თავდაცვის მდივანს პრეზიდენტთან საგარეო პოლიტიკაზე ჰქონდათ უთანხმოება, მათ შორის სირიიდან ჯარების გაყვანასა და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე.