ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის მიუღებელია ყველა ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება
ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის მიუღებელია ყველა ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება

ნატო-სთვის მიუღებელია ყველა ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

აპატურაი აღნიშნავს, რომ ნატო აგრძელებს ზეწოლას რუსეთზე ამ საკითხთან დაკავშირებით.

„სიტუაცია ისედაც ცუდი იყო, მაგრამ ყველაზე უარესი არის ის, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვხედავთ „ბორდერიზაციის“ აქტივობებს, რომელსაც რუსეთი და მისი მარიონეტები ახორციელებდნენ ბოლო კვირების განმავლობაში. მე ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლე განცხადება გავაკეთე, რათა მკაფიოდ გვეთქვა, რომ ნატო თვალს ადევნებს მოვლენებს და ჩვენთვის ეს მიუღებელია.

მიუღებელია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო აგრძელებს ზეწოლას რუსეთზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთთან ურთიერთობები არის ასეთ დაბალ დონეზე.

მოკავშირეებს ამ საკითხზე ერთიანი კრიტიკული პოზიცია აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მათ საქმიანობას. ასევე, ჩვენ მუდმივად წამოვწევთ ამ საკითხს რუსებთან“, – განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხს.