ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს აქვს შავ ზღვაში თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგია, რაც მოიცავს საქართველოსთან და უკრაინასთან მეტი ინფორმაციის გაცვლას, მადლობა საქართველოს, რომ გვიზიარებს ინფორმაციას
ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს აქვს შავ ზღვაში თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგია, რაც მოიცავს საქართველოსთან და უკრაინასთან მეტი ინფორმაციის გაცვლას, მადლობა საქართველოს, რომ გვიზიარებს ინფორმაციას

ნატო-ს აქვს შავ ზღვაში თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგია, რაც მოიცავს საქართველოსთან და უკრაინასთან მეტი ინფორმაციის გაცვლას, მადლობა საქართველოს, რომ გვიზიარებს ინფორმაციას, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

აპატურაი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის მილიტარიზაცია არის პრობლემა.

„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შავ ზღვაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესებულია, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვისაც. ამის მიზეზი არის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა. ცხადია, ასევე იმის გამო, რომ რუსეთი წარმოდგენილია საქართველოში. რუსეთი იყენებს შავ ზღვას სამხედრო ძალების გადაყვანისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, სირიაში და ა.შ. ეს რეალური პრობლემაა და რუსეთი განაგრძობს შავი ზღვის მილიტარიზაციას. ჩვენ უკვე გვაქვს შავ ზღვაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართული სტრატეგია. ეს მოიცავს ჩვენ მიერ საქართველოსთან და უკრაინასთან შეთანხმებულ სტრატეგიას, რაც გულისხმობს მეტი ინფორმაციის გაცვლას, რათა ყველამ დავინახოთ, რა ხდება შავ ზღვაში და მადლობა საქართველოს, რომ ამ ინფორმაციას გვიზიარებს.

ასევე, ჩვენ ვატარებთ მეტ წვრთნას შავ ზღვაში და ვზრდით საქართველოს შესაძლებლობებს.​ მაგალითად, ვაუმჯობესებთ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს და უკრაინის ფლოტს. და ბოლოს, ნატო უფრო მეტად არის წარმოდგენილი შავ ზღვაში. თქვენ ხედავთ შავ ზღვაში უფრო მეტ ნატო-ს ხომალდს, ასევე მოკავშირეების ხომალდებს, ასევე უფრო მეტ საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს. ეს თანამშრომლობა სასარგებლოა, როგორც საქართველოსა და უკრაინისთვის, ასევე ნატო-ს წევრი ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის და თურქეთისთვის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაისთან ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი „მოამბის“ დღევანდელ მთავარ გამოშვებაში, 21:00 საათზე იხილავს.