ჯეილენ ბრაუნი „ბოსტონთან“ NBA-ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ჯეილენ ბრაუნი „ბოსტონთან“ NBA-ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

„ბოსტონ სელტიქსის“ კალათბურთელი ჯეილენ ბრაუნი კლუბთან NBA-ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას რამდენიმე სპორტული გამოცემა ავრცელებს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკელი მოთამაშე „ბოსტონში“ ხუთი წლის განმავლობაში დარჩება და ანაზღაურების სახით 304 მილიონ დოლარს მიიღებს. აქამდე რეკორდული ხელშეკრულება ნიკოლა იოკიჩს ეკუთვნოდა, სერბმა გასულ ზაფხულს „დენვერთან“ 264-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

26 წლის ჯეილენ ბრაუნი NBA-ში 2016 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ის საშუალოდ 26.6 ქულას, 6.9 მოხსნასა და 3.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მან ყველა ვარსკვლავის თამაშში მონაწილეობა ორჯერ მიიღო, ხოლო 2022 წელს „ბოსტონთან“ ერთად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში გავიდა, სადაც მისი გუნდის დამარცხება „გოლდენ სტეიტმა“ მოახერხა.

2022/2023 წლების სეზონის პლეიოფში „ბოსტონი“ „მაიამი ჰიტთან“ დამარცხდა. ამ სერიაში ბრაუნი გუნდს თამაშში საშუალოდ 19 ქულით ეხმარებოდა.