ჯეი დი ვენსი - ჩვენი კულტურა ცდილობს, ყველა ადამიანი, მამაკაცი თუ ქალი, აქციოს ანდროგინულ იდიოტად, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, გვჯერა, ღმერთმა მამაკაცი და ქალი გარკვეული მიზნით შექმნა
ჯეი დი ვენსი - ჩვენი კულტურა ცდილობს, ყველა ადამიანი, მამაკაცი თუ ქალი, აქციოს ანდროგინულ იდიოტად, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, გვჯერა, ღმერთმა მამაკაცი და ქალი გარკვეული მიზნით შექმნა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) საუბრისას ახალგაზრდა მამაკაცებს მიმართა და მოუწოდა, არ დაემორჩილონ თანამედროვე კულტურულ ზეწოლას, რომელიც მამაკაცურობას ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს.

„ჩემი გზავნილი ახალგაზრდა მამაკაცებისადმი არის ის, რომ ნუ მისცემთ ამ დანგრეულ კულტურას უფლებას, გაგზავნოს სიგნალი, რომ თქვენ ცუდი ადამიანი ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცი ხართ, იმიტომ, რომ გიყვართ ხუმრობა, იმიტომ, რომ გსიამოვნებთ მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა ან იმიტომ, რომ კონკურენტული ხართ“, – განაცხადა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, თანამედროვე მიდგომები ადამიანების იდენტობას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენი კულტურა ცდილობს, ყველა ადამიანი, იქნება ეს მამაკაცი თუ ქალი, აქციოს ანდროგინულ იდიოტად, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, ერთნაირად საუბრობენ და ერთნაირად იქცევიან. ჩვენ რეალურად გვჯერა, რომ ღმერთმა მამაკაცი და ქალი გარკვეული მიზნით შექმნა და გვინდა, რომ თქვენ, როგორც ახალგაზრდა მამაკაცები და ახალგაზრდა ქალები, იყოთ წარმატებულები. ჩვენ ჩვენი საჯარო პოლიტიკით დაგეხმარებით, რომ ეს შესაძლებელი გახდეს“, – დასძინა ვენსმა.