ჯეფერსონ ჯერალდო „თელავში“ ითამაშებს #1TVSPORT
ჯეფერსონ ჯერალდო „თელავში“ ითამაშებს #1TVSPORT

34 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯეფერსონ ჯერალდო დე ალმეიდა, იგივე ჯეფინიო, საფეხბურთო კლუბ „თელავში“ ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჯეფინიოს ქართულ საკლუბო ფეხბურთში ძალიან კარგად იცნობენ. ბრაზილიელი შემტევი საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა, ხუთი სეზონი ქობულეთის „შუქურაში“ გაატარა, ბოლო ორი წელი კი წყალტუბოს „სამგურალში“ გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ცოტა ხნის წინ ბრაზილიელმა ლეგიონერმა „სამგურალი“ მოულოდნელად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

„თელავი“ უკვე საგრძნობლად გაძლიერდა – გუნდმა დაიმატა საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გიორგი პაპუნაშვილი, უკრაინელი ნახევარმცველი ევჰენი პროტასოვი, თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი, ბრაზილიელი მცველი გუტიერეს ტომელინი (იგივე გუტი), ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელად 39 წლის სერბი სპეციალისტი, მილოშ ჯუროვიჩი იმუშავებს.

ჯეფერსონ ჯერალდო საქართველოში კვიპროსული „ეთნიკოსიდან“ ჩამოვიდა, ქობულეთის „შუქურას“ გარდა, უთამაშია მარტვილის „მერანში“. 2021 წელს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ჯეფინიომ „სამგურალში“ 54 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022 წელს კი ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა.