ჯეფ ბეზოსი და ედუარდო სავერინი „ლივერპულის“ წილის შესყიდვასთან ახლოს არიან #1TVSPORT

20:01, 10.08.2026

„ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმი ინგლისის პრემიერლიგის გრანდის, „ლივერპულის“ დაახლოებით მესამედი წილის შესყიდვასთან ძალიან ახლოსაა, – ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი გამოცემა ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ინვესტორთა ჯგუფში Facebook-ის თანადამფუძნებელი ედუარდო სავერინიც შედის.

Sky News-ის ინფორმაციით, კონსორციუმს მეტალურგიის მაგნატის, ლაქშმი მიტალის სიძე და „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ყოფილი მეწილე ამიტ ბჰატია ხელმძღვანელობს. წყაროს თანახმად, „ლივერპულის“ მფლობელმა Fenway Sports Group-მა (FSG) გარიგების დახურვის შესახებ, შესაძლოა, მიმდინარე კვირაშივე ოფიციალურად განაცხადოს.

დაგეგმილი ინვესტიციის ფარგლებში მერსისაიდული კლუბი დაახლოებით 4.4 მილიარდ ფუნტ სტერლინგად შეფასდება, რაც საფეხბურთო კლუბების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

FSG, რომელმაც „ლივერპული“ 2010 წელს შეიძინა, ბოლო წლებში აქტიურად განიხილავდა გარე ინვესტიციების მოზიდვას კლუბზე სრული კონტროლის შენარჩუნების პარალელურად. აღნიშნული გარიგება ნათლად უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად გაიზარდა კლუბის საბაზრო ფასი FSG-ს 16-წლიანი მმართველობის პერიოდში.

ამ ეტაპზე არც „ლივერპულს“ და არც FSG-ს გავრცელებულ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ლივერპული“, რომელმაც 2025 წელს პრემიერლიგის ჩემპიონობა იზეიმა, მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტისა და გუნდის მთავარი ბომბარდირის, მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ გარდამავალ ფაზაში შედის.

ამასთან, ივლისში Fenway Sports Group-ის ფეხბურთის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის პოსტი მაიკლ ედვარდსმაც დატოვა – ფიგურამ, რომელსაც გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის 2020 წელს იმ საჩემპიონო გუნდის აწყობაში, რომელმაც კლუბს 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ინგლისური ტიტული მოუტანა.

მსგავსი