ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ გამოცემა „ნეიშენალ ინქუაიერერი“ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებით აშანტაჟებს
ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ გამოცემა „ნეიშენალ ინქუაიერერი“ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებით აშანტაჟებს

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „ამაზონის“ მფლობლი ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ გამოცემა „ნეიშენალ ინქუაიერერი“ აშანტაჟებს. ბეზოსის თქმით, ჟურნალი ინტიმური ფოტოების გამოყენებით ემუქრება, თუ ის არ შეწყვეტს გამოძიებას, რომელიც ტაბლოიდის მიერ მილიარდერის სხვა ფოტოებისა და ელექტრონული მიმოწერის მოპოვებას ეხება.

ჯეფ ბეზოსმა ინტერნეტში გამოაქვეყნა გამოცემა „ნეიშენალ ინქუაიერერი“ მფლობელი ჰოლდინგის, „ამერიკან მედიას“ წარმომადგენელთა ელექტრონული წერილები, რომლებშიც მილიარდერს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებიან და სთავაზობენ კერძო გამოძიების შეწყვეტას. წერილების ავტორები ასევე აღწერენ, თუ რა არის გამოსახული მათ ხელში არსებულ სურათებზე.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა დაიქირავა კერძო დეტექტივი და მას დაავალა გაერკვია, თუ რა გზით მოიპოვა გამოცემა „ნეიშენალ ინქუაიერერმა“ საყვარელ ქალთან მისი პირადი მიმოწერა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აღნიშნულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია ქალთან ჯეფ ბეზოსის პირადი ურთიერთობების შესახებ. სტატიის პუბლიკაციამდე, ერთი დღით ადრე ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა განქორწინების შესახებ განაცხადეს.

ჯეფ ბეზოსის თქმით, მის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ განარისხა ჰოლდინგ „ამერიკან მედიას“ ხელმძღვანელი დევიდ პეკერი. მილიარდერი ბეზოსი, რომელიც ასევე გამოცემა „ვაშინგტონ პოსტს“ ფლობს, ამბობს, რომ ჰოლდინგი მისგან ცრუ განცხადების გაკეთებას ითხოვდა იმის შესახებ, რომ მისი და მისი საყვარელის შესახებ სტატიის გამოქვეყნება პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურებოდა. ამასთან, ბეზოსი წერილში ჰოლდინგ „ამერიკან მედიას“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კავშირებს აღნიშნავს.

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა „ნეიშენალ ინქუაიერერმა“ 2016 წელს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს 150 ათასი დოლარი გადაუხადა კარენ მაკდუგალს, რომელიც ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპთან რომანი ჰქონდა. თუმცა, მასალა არ გამოაქვეყნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა ჟურნალმა დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატისგან მიიღო.

54 წლის ჯეფ ბეზოსის კომპანია „ამაზონი“ 2018 წელს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დასახელდა. ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია,„ბლუმბერგი“ მის ქონებას 137 მილიარდ დოლარად აფასებს.

დატოვე კომენტარი