ჯარედ კუშნერი – „ჰამასი“ თუ არ განიარაღდება, აშშ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს მხარს დაუჭერს

01:01, 18.08.2026

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონი ელოდება, რომ „ჰამასი“ უახლოეს პერიოდში განიარაღებას დაიწყებს. მისი თქმით, თუ დაჯგუფება ვალდებულებას არ შეასრულებს, აშშ მზად იქნება, ისრაელის შემდგომ სამხედრო მოქმედებებს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ კუშნერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ღაზაში ვითარების გაუმჯობესების მხრივ „პროგრესს, შესაძლოა, ძალიან მალე მიაღწიონ“, თუ მხარეები შეთანხმების პირობებს შეასრულებენ.

„თუ „ჰამასი“ მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით ჩააბარებს გვირაბებში არსებულ იარაღს, ეს ისრაელისთვის უსაფრთხოების უდიდესი საფრთხის აღმოფხვრა იქნება, თითქმის წარმოუდგენელი მიღწევა“, – განაცხადა კუშნერმა.

თუმცა, მისივე თქმით, თუ „ჰამასი“ საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს, ისრაელისთვის სამხედრო მოქმედებების გაგრძელების მხარდაჭერა გაიზრდება.

„თუ ისინი ახლა საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ყველა დაინახავს, რომ ისინი მშვიდობის მიღწევაში გულწრფელები არ არიან და ისრაელს აშშ-ისა და სხვებისგან გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა საქმე სათანადოდ ბოლომდე მიიყვანოს“, – აღნიშნა კუშნერმა.

კუშნერის განცხადებით, „ჰამასის“ წარმომადგენლებმა კვირას გამართულ შეხვედრაზე „ყველაფერი სწორად თქვეს“, თუმცა მათ მიმართ ნდობა კვლავ პრობლემად რჩება.

„ძალიან, ძალიან რთულია, ენდო ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც ეს საშინელი სისასტიკეები ჩაიდინა“, – აღნიშნა კუშნერმა.

მისივე თქმით, შეხვედრა „ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში“ გაიმართა და აშშ „ჰამასს“ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი სიტყვები საქმით დაამტკიცოს.

„ჩვენ მათ შანსს მივცემთ, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს მოქმედებებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა კუშნერმა.

რაც შეეხება ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას, კუშნერმა მას „ძალიან, ძალიან კარგი“ უწოდა. მისი თქმით, თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის დროს მხარეებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ წამოჭრილი „სამართლიანი შეშფოთების“ საკითხები განიხილეს.

კუშნერის განცხადებით, საუბარი შეეხო „გარკვეულ გაუგებრობებსა და დეზინფორმაციას“, მათ შორის, ისრაელის თავდაცვის უფლებასა და ღაზის რეკონსტრუქციის საკითხს.

„პროგრესი, შესაძლოა, სულ რაღაც 30 დღეშიც ვიხილოთ“, – განაცხადა კუშნერმა.

ამასთან, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ირანთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობაზე უარს იტყვის. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აგრძელებს, თუმცა შეთანხმებისთვის მზად არის.

„თუ ირანი მზად არის, დაასრულოს ჩვენთან განხილული შეთანხმება და უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობაზე, მაშინ, ცხადია, პრეზიდენტი მზად არის ისეთი შეთანხმებისთვის, რომელიც შესაძლოა, ირანელი ხალხისთვის ძალიან კარგი იყოს“, – აღნიშნა კუშნერმა.

კუშნერის განცხადებით, ირანთან შეთანხმების მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ თეირანმა რეალური შეთანხმების დადების სურვილი უნდა აჩვენოს.

„მათ რეალური შეთანხმების დადების სურვილი უნდა ჰქონდეთ. თუ ისინი შეეცდებიან რამე ხრიკის გამოყენებას, გარკვეული საკითხების დამალვას ან დათმობების მიღებას, ეს არ იმუშავებს. პრეზიდენტ ტრამპს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა სურს, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, – აღნიშნა კუშნერმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონისთვის შეთანხმების ძირითადი პირობებია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არ აფინანსებდეს ტერორისტულ ჯგუფებს რეგიონში.

მსგავსი