ჯანო ანანიძემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა #1TVSPORT
ჯანო ანანიძემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა #1TVSPORT

ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელზე ინფორმაციას რამდენიმე წყარო ავრცელებს – რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ და სოციალურ ქსელში ბათუმის „დინამოსთან“ დაახლოებული სპორტული გვერდი „ბათუმი სპორტის ქალაქია“.

„ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯანო, მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომლითაც შენი სამშობლოს მაისური თითოეულ მატჩში ატარე, მადლობა ყველა იმ სიკეთისთვის, რომელსაც მუდმივად აკეთებ და ყოველთვის გვემახსოვრება იმ პატრიოტ ბიჭუნად, რომელმაც ფულის სანაცვლოს სამშობლო არ გაყიდა“, – ვკითხულობთ გავრცლებულ ინფორმაციაში.

ჯანო ანანიძე დაიბადა 1992 წლის 10 ოქტომბერს ქობულეთში. თამაში ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო, 11 წლის „ნორჩ დინამოელში“ გადავიდა, სადაც გია ხიზანიშვილის რეკომენდაციით მიიღეს. 2 წლის შემდეგ, რევაზ ჩელებაძემ ანანიძე კიევის „დინამოში“ გადაიყვანა. 2007 წლის ზაფხულში ჯანო საქართველოში დაბრუნდა და 16-წლამდელთა ეროვნულ გუნდს შეუერთდა. დაბადების დღეს, 10 ოქტომბერს მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტი გააფორმა და შესაძლოა, სწორედ ეს იყო მისი საბედისწერო შეცდომა.

მოსკოველთა მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2009 წლის 15 ივლისს „კრასნოდარის“ წინააღმდეგ რუსეთის თასზე შედგა და პირველივე მატჩში გოლის გატანაც მოახერხა. 2009 წლის 1 აგვისტოს, რუსულ პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი კრასნოდარის „ყუბანის“ წინააღმდეგ მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა.

სამწუხაროდ, ტრავმებმა გასაქანი არ მისცა ნიჭიერ ფეხბურთელს – შესაძლოა, მოსკოვის „სპარტაკმაც“, რადგან 2010 წელს მისი ლონდონის „არსენალის“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო დაინტერესებული, მაგრამ კლუბმა არ გაუშვა.

2009 წლის 27 ივლისს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა ანანიძეს ეროვნულ გუნდში უხმო. ფეხბურთელს მონაწილეობა უნდა მიეღო მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს ტრავმის გამო ვერ მოახერხა. მაშინ ანანიძე 16 წლის იყო.

არ იყო საშიშროება, რომ ფეხბურთელს მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, რაც მას ავტომატურად საქართველოს ნაკრებში თამაშს გამორიცხავდა – ჯერ კიდევ სკოლის ასაკში არჩევანი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა.

სექტემბერში, იტალიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ ანანიძე ეროვნულ გუნდში კვლავ გამოიძახეს, ხოლო 5 სექტემბერს, „სკუადრა აძურასთან“ შეხვედრაში ეროვნულ გუნდში ანანიძის დებიუტი შედგა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, საქართველოს ნაკრებში 48 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.