ჯანო ანანიძე - ვიმკურნალე, სრულიად ჯანმრთელი ვარ და სასურველ კონდიციას ვუახლოვდები #1TVSPORT
ჯანო ანანიძე - ვიმკურნალე, სრულიად ჯანმრთელი ვარ და სასურველ კონდიციას ვუახლოვდები #1TVSPORT

ჯანო ანანიძე „დინამო თბილისის“ მოთამაშე გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, აცხადებს, რომ უკვე სრულიად ჯანმრთელია და ფორმის აღდგენას ცდილობს.

„თბილისის „დინამო“ ისტორიული კლუბია და მოხარული ვარ, ამ დიდ კლუბში თამაში საშუალება რომ მომეცა. უკვე რამდენიმე ხანია, რაც კლუბთან ერთად ვვარჯიშობ. კარგი ატმოსფეროა, ბიჭები კარგად დამხვდნენ. რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტს ვიცნობდი. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ „დინამოს“ წინსვლაში დავეხმარო,“ – განაცხადა ჯანო ანანიძემ.

28 წლის ნახევარმცველმა „დინამოს“ სავარჯიშო პირობებზე ილაპარაკა:

„რაც შეეხება ბაზას, ევროპული დონისაა – სავარჯიშო მოედნები, ტრენაჟორები, საცხოვრებელი კორპუსი. ყველა პირობაა, რომ „დინამოელმა“ მაქსიმუმი გააკეთოს და მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს“.

ჯანო ანანიძემ გუნდთან დაკავშირებულ მიზნებზე ილაპარაკა:

„თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია და მიზანიც ყოველთვის ჩემპიონობაა. ჩემი გამოცდილებით მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ „დინამოს“ ამ მიზნების ასრულებაში დავეხმარო. რაც მთავარია, ჩემპიონობასთან ერთად, გუნდმა ევროთასებზე უნდა იასპარეზოს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რაღაც ეტაპამდე მაინც რომ მივიდეთ და ჩვენი გულშემატრკივარი გავახაროთ“.

გამოცდილმა ფეხბურთელმა ტრავმაზე ილაპარაკა:

„კვიპროსში მიღებული ტრავმა გამირთულდა. წავედი ევროპაში და კვლევები ჩავიტარე. ვიმკურნალე, დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ და ჩემს კონდიციებს ვუახლოვდები“.

ჯანო ანანიძე ნაკრებში დაბრუნებას იმედოვნებს:

„ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები, ფორმა აღვიდგინო და დავეხმარო „დინამოს“ და საქართველოს ნაკრებს“.