ჯანო ანანიძე - დავამტკიცებ, რომ ძლიერი მოთამაშე ვარ
ჯანო ანანიძე - დავამტკიცებ, რომ ძლიერი მოთამაშე ვარ

ჯანო ანანიძის ახალი კლუბი ცნობილია – „სპარტაკმა“ და სამარის „კრილია სოვეტოვმა“ საიჯარო ხელშეკრულება ოფიციალურად დაადასტურეს.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი სეზონის მეორე ნაწილს იჯარით სამარის „კრილია სოვეტოვში“ გაატარებს.

26 წლის ქართველმა თავისი არჩევანის მიზეზებსა და უახლოესი მომავლის გეგმებზე კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ილაპარაკა.

„მე არ უარვყოფ, რომ ძალების ევროპაში მოსინჯვა მსურდა. „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი მიწვევდა და ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ ეს ვარიანტი იყო. სამწუხაროდ, დოკუმენტებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეიქმნა. და მიუხედავად იმისა, რომ მე ფინანსური თვალსაზრისით სერიოზულ დათმობაზე წავედი, გადასვლა მაინც არ მოხერხდა. ახლა „ვიტესი“ გამოირიცხა – „კრილიაში“ მივდივარ. 14 იანვარს მოსამზადებელი შეკრება იწყება. რუსეთში სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ სამარელთა მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა პირადად დამირეკა. მე დავპირდი, რომ თუ უცხოურ კლუბში არ წავიდოდი, მასთან გადავიდოდი. სიტყვა მივეცი, რადგან მიოდრაგს, როგორც მწვრთნელსა და როგორც ადამიანს დიდი პატივს ვცემ. და მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები „როსტოვში“ ერთად მუშაობის პერიოდიდან“, – ამბობს ანანიძე.

26 წლის ქართველი იმედიანადაა განწყობილი – „ჩემს მდგომარეობას რეალურად ვაფასებ – ტრავმების სერიამ თავისი ქნა. სადღაც, ეტყობა, საქმეს მეც რაღაც დავაკელი. თამაშებით უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი მოთამაშე ვარ. მე ამას გავაკეთებ! მე მებრძოლი ვარ. მე უკვე მქონდა მსგავსი გამოცდა, როდესაც საჭირო იყო ნაბიჯის უკან გადადგმა, რათა შემდეგ ორი ნაბიჯი წინ წავსულიყავი“.