ჯანო ანანიძე ამბობს, რომ მოსკოვში ღამის კლუბში არასოდეს წასულა და „სპარტაკში“ კანკავასნაირი მოთამაშე არ ჰყავდა
ჯანო ანანიძე ამბობს, რომ მოსკოვში ღამის კლუბში არასოდეს წასულა და „სპარტაკში“ კანკავასნაირი მოთამაშე არ ჰყავდა

გამოცემა „ჩემპიონატთან“ ჯანო ანანიძე ვრცელ ინტერვიუში მოსკოვის „სპარტაკიდან“ წასვლასა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

„ახლა ბევრი მეკითხება, აქამდე რატომ ადრე არ წახვედი? კონონოვამდე იყო კარერა – ეს იყო საუკეთესო „სპარტაკი”, რომელშიც მე მითამაშია. ჩვენ გავხდით ჩემპიონები, ვთამაშობდი და კონკურენციას ვუძლებდი. კონონოვის დროს კი მივხვდი, რომ ეს სხვა „სპარტაკი” იყო და წასვლა გადავწყვიტე. ტედესკომ საყრდენად დამაყენა, როდესაც მთელი ჩემი კარიერა ვთამაშობ „ათიანზე“ ან მარცხენა ჰავბეკად. მაგრამ ამ პოზიციაზე გვერდით ისეთივე მშრომელი მჭირდებოდა, როგორც საქართველოს ნაკრებშია ჯაბა კანკავაა. სამწუხაროდ, ახლა „სპარტაკში” ასეთი მოთამაშე არაა. ამ პოზიციაზე მივხვდი, რომ გამიძნელდა. როდესაც ჩემპიონატის პირველი ნახევარი დასრულდა, გუნდის სპორტულ დირექტორთან, თომას ცორნთან თავად და ვთხოვე, ნურც მე მაწვალებთ და ნურც თქვენს თავს, უკვე 27 წლის ვარ, სკამზე ჯდომა არ მინდა და რამე უნდა გადავწყვიტოთ, გამიშვით-მეთქი. უმჯობესი იყო, ფულის დამეკარგა და ყველაფერი ნულიდან დამეწყო” – ამბობს ჯანო ანანიძე.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე არ მალავს, რომ იმედგაცრუებულია, მაგრამ „სპარტაკიდან“  წამოსვლას არ ნანობს: „იმედგაცრუება დამრჩა. ჩემი ყველაზე დიდი წყენა ტრავმებია. ბევრი დრო დავკარგე და ამან ჩემი კარიერა ძალიან დააზარალა. დარწმუნებული ვარ, „სპარტაკის“ კარგი ფულის საფასურად დატოვება და ტოპ-ხუთეულის გუნდში გადასვლა შემეძლო. ვფიქრობ, იქაც მშვიდად შემეძლო თამაში. ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. ბევრჯერ მნიშვნელოვანი დაზიანება მქონდა – ტერფის, „ჯვარედინების”, მენისკის… ჩემი მთავარი პრობლემა მოსკოვში ის იყო, რომ პირადი მწვრთნელი არ მყავდა. ადრეულ ასაკში „სპარტაკში“ არც მიფიქრია, რომ საჭირო იყო კუნთების გაძლიერება. ახლა რომ შემეძლოს ძველი დროის დაბრუნება, ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებდი და ასეთ სპეციალისტს დავიქირავებდი. გულით და სულით ვცადე, მაგრამ რაღაც გამოვიდა, რაღაც – არა. მთელი 11 წლის განმავლობაში მოსკოვში, არასდროს ვყოფილვარ ღამის კლუბში ან სხვაგან. მე არ ვიყავი „ტუსოვშიკი“. იმ დონის თამაში, რომელსაც ჩემგან ყველა ელოდა, ტრავმებისა და ზოგჯერ მწვრთნელების უნდობლობის გამო ვერ ვაჩვენე”.

მისი თქმით, კვიპროსში, „ანორთოსისში” საქართველოს ნაკრებში მოხვედრის მიზნით გადავიდა: „უპირველესად, საკუთარ თავს მსურს დავუმტკიცო, რომ მაღალ დონეზე დაბრუნება შემიძლია. მსურს „ანორთოსისთან“ ერთად ჩემპიონი გავხდე – აქედან კარგ ჩემპიონატში ბევრი მიდის. როგორც კი ყველაფერს საკუთარ თავს დავუმტკიცებ, დანარჩენი ყველაფერს თვითონ მიეხედება. ახლა ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. მალე ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები გაიმართება და მათი გამოტოვება არ მინდოდა“.