ჯანი ინფანტინო - ყოველ ორ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოგვცემს #1TVSPORT
ჯანი ინფანტინო - ყოველ ორ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოგვცემს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ყატარში სამიტი გამართა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ეროვნულ ფედერაციებს გააცნო, როგორ გაიზრდება შემოსავლები მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების შემთხვევაში.

ინფანტინოს ოფისი იტყობინება, რომ ორი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია პროგნოზირებს ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ფიფა-ს 211 წევრისთვის, თუ ქალთა და მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატები ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ამგვარი კვლევა ჩაატარეს Nielsen-მა და OpenEconomics-მა.

„დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თუ გადავალთ მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე, ეს დამატებით 4.4 მილიარდ დოლარს მოიტანს პირველ ოთხწლიან ციკლში. ეს თანხა განაწილდება ფიფა-ს წევრ 211 ასოციაციაზე.

დამატებითი შემოსავალი პოტენციურად საშუალებას მოგვცემს, ფიფა-ს ერთი წევრის დაფინანსება ექვსიდან 25 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს პირველ ოთხწლიან ციკლში.

ჩვენი მიზანია – შევამციროთ სხვაობა ფიფა-ს წევრებს შორის და რაც შეიძლება მეტ ასოციაციას მივცეთ რეალური შანსი – ითამაშონ მსოფლიოს ჩემპიონატზე“, – განაცხადა ინფანტინომ.