ჯანი ინფანტინო - სანამ სიტუაცია ბოლომდე უსაფრთხო არ იქნება, ტურნირები არ უნდა განახლდეს
ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ საფეხბურთო ტურნირების განახლებასთან დაკავშირებით სიჩქარე საჭირო არ არის და სჯობს, დაველოდოთ, სანამ სიტუაცია მსოფლიოში სრულიად უსაფრთხო არ გახდება. ამ ინფორმაციას პორტალი goal.com ავრცელებს.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და პრინციპი, რომელზეც ჩვენი შეჯიბრებებია დაფუძნებული, ის არის, რომ პირველ ადგილზე ჯანმრთელობა დგას. არც ერთი მატჩი, ტურნირი ან ლიგა არ ღირს იმად, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენოთ. ეს ყველას უნდა ესმოდეს. სანამ სიტუაცია ასი პროცენტით უსაფრთხო არ გახდება, ტურნირების განახლება უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება“, – მიიჩნევს იფანტინო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ამჟამად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები შეწყვეტილია, მათ შორის ხუთი საუკეთესო ევროპული ლიგა. რაც შეეხება ჩემიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებს, ისინი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.