ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო პანიკის ატეხვა ნაადრევია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო პანიკის ატეხვა ნაადრევია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერის, სუმია სვამინათინის განცხადებით, არსებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“, როგორც ჩანს, ძალიან გადამდებია. მისივე თქმით, მსოფლიო უნდა იყოს ფრთხილად და მზადყოფნაში შეხვდეს მის გავრცელებას, მაგრამ პანიკის გარეშე, რადგან ამჟამად მსოფლიო განსხვავებულ მდგომარეობაშია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მეცნიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის გაჩენა არასასურველი იყო, მსოფლიო ბევრად უკეთაა მომზადებული ახლა, ვიდრე პანდემიის დაწყების დროს იყო და ეს განპირობებულია ვაქცინების არსებობით.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი „ომიკრონი“ უწოდა, სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე კვირის წინ გამოავლინეს. ვირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები 20-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამჟამად მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალ ვარიანტთან ურთიერთქმედებას სწავლობენ.