ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, მსოფლიოში 15 წლამდე ასაკის ბავშვების 93% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, მსოფლიოში 15 წლამდე ასაკის ბავშვების 93% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

მსოფლიოში 15 წლამდე ასაკის 1,8 მილიარდი ბავშვი ყოველდღიურად დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, – ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით „ჰაერის დაბინძურება და ბავშვთა ჯანმრთელობა: სუფთა ჰაერის დანიშნულება“.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად ასი ათასობით ბავშვი იღუპება, ასობით მილიონი ახალგაზრდის ფიზიკური და ნევროლოგიური განვითარება კი რისკის ქვეშ დგება.

„ყოველდღე 15 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 93% (1,8 მილიარდი ბავშვი) სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს, რაც მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას საფრთხის წინაშე აყენებს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი კვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2016 წელს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სერიოზული რესპირატორული დაავადებებისგან 600 000 ბავშვი დაიღუპა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან ბავშვები, რომლებიც აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის რეგიონში ცხოვრობენ, სადაც შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე საშუალოზე დაბალია. ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა ინდოეთში. მას მოსდევენ ნიგერია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.