ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - „კოვიდ-19“-ის პანდემია არ დასრულებულა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - „კოვიდ-19“-ის პანდემია არ დასრულებულა

„კოვიდ-19“-ის პანდემია, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაერო-ს ჯანმრთელობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასამბლეის წევრებს განუცხადა, რომ მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მზარდია და ვაქცინაცია სრულყოფილად არ მიმდინარეობს.

ასამბლეის წევრები სავარაუდოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების ახალ სისტემაზე შეთანხმდებიან, რაც ხელს შეუწყობს შემოწირულობებზე მისი დამოკიდებულების შემცირებას. გაერო-ს ორგანიზაცია ამჟამად მთავრობებისა და კერძო დონორების ნებაყოფლობითი შენატანებით ფინანსდება. გაერო-ს სააგენტომ და ექსპერტთა დამოუკიდებელმა პანელებმა განაცხადეს, რომ ეს სისტემა არამდგრადია, რადგან ორგანიზაცია ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

შეთანხმება გაზრდის სავალდებულო გადასახადებს წევრი ქვეყნებისთვის და შეამცირებს მის დამოკიდებულებას შემოწირულობებზე.

„დაფიქსირებული შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე წლის იანვარში „ომიკრონის“ ტალღის პიკთან შედარებით, დაფიქსირებული სიკვდილიანობა ყველაზე დაბალია 2020 წლის მარტიდან მოყოლებული. ბევრ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ცხოვრება ჰგავს პანდემიამდე პერიოდს. ასე რომ, პანდემია დასრულდა? არა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა. მე ვიცი, რომ ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ და ეს ნამდვილად არ არის ის, რისი გადმოცემაც მსურს. არ დასრულებულა არსად, სანამ არ დასრულდება ყველგან. დაფიქსირებული შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში, ყველა რეგიონში. და ეს არის მსოფლიოში, სადაც ტესტირების მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა. ეს ვირუსი გვაოცებდა ყოველ ჯერზე და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მის გზას, ან მის ინტენსივობას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი კოლეგები მთელ მსოფლიოში რეაგირებენ „ებოლას“ გავრცელებაზე კონგოში, მაიმუნის ყვავილსა და ჰეპატიტზე, ასევე რთულ ჰუმანიტარულ კრიზისებზე ავღანეთში, ეთიოპიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, უკრაინასა და იემენში. ჩვენ ვაწყდებით დაავადებებს, გვალვას, შიმშილსა და ომებს, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, უთანასწორობითა და გეოპოლიტიკური მეტოქეობით“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.