ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ახალ კორონავირუსს ადგილზე, ჩინეთში შეისწავლიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ახალ კორონავირუსს ადგილზე, ჩინეთში შეისწავლიან

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფის მიღებას დათანხმდა. ისინი ქალაქ უხანიდან გავრცელებულ ახალ კორონავირუსს ადგილზე შეისწავლიან.

მანამდე, ჩინეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი სტუმრობდა, რომელმაც ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გამართა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, დისკუსია ფოკუსირებული იყო ვირუსის მკურნალობასა და შეკავებაზე. მათივე ცნობით, ჩინეთი დათანხმდა, ორგანიზაციას ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები და ბიოლოგიური მასალა გაუზიაროს, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას შეუწყობს ხელს.

ჩინეთის მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ ვირუსის დამარცხებას შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა გააკეთა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გლობალურ საფრთხედ გამოცხადებისგან კვლავ თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთში უკვე ემსხვერპლა 106 ადამიანი.