ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს

„კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონ“-შტამი სავარაუდოდ „დელტა“-შტამზე სწრაფად ვრცელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონ“-შტამის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

„ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც „დელტას“ ცირკულაცია დაბალი იყო. მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი სხვა ქვეყნებში, სადაც „დელტას“ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონ“-შტამთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ. ასევე, რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი. მანამდე როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვლევრებმა განაცხადეს, არსებობს გარკვეული მითითებები, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, ვიდრე „დელტა“. ასევე, არსებული მონაცემებით, ევროკავშირში შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია.