ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მკაცრი შეზღუდვები „აბსოლუტურ აუცილებლობას“ წარმოადგენს სიცოცხლის გადასარჩენად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მკაცრი შეზღუდვები „აბსოლუტურ აუცილებლობას“ წარმოადგენს სიცოცხლის გადასარჩენად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მკაცრი შეზღუდვები „აბსოლუტურ აუცილებლობას“ წარმოადგენს სიცოცხლის გადასარჩენად, – წერს „ბიბისი“.

საფრანგეთში, პარიზსა და რვა სხვა ქალაქში შაბათიდან კომენდანტის საათის დაწესებამდე ახალი კორონავირუსით ინფიცირების დიდი ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. ხუთშაბათს დამატებით დადასტურდა 30 621 ახალი ინფიცირების შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე საფრანგეთში 22 591 შემთხვევა გამოვლინდა. ოთხშაბათს ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა ინფექციის გაზრდილი ტემპის შესაკავებლად. პარიზისა და მისი შემოგარენის, ასევე მარსელისა და ლიონის ჩათვლით რვა სხვა ქალაქის მაცხოვრებლები შაბათიდან მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში ვეღარ შეძლებენ 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლას. მაკრონმა განაცხადა, რომ აპირებს ვირუსის დღიური გავრცელების მაჩვენებელი 3 000 შემთხვევამდე დაიყვანოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, პოლიცია კომენდანტის საათის აღსრულების კონტროლს განახორციელებს, თუმცა ხალხი მაინც შეძლებს სამსახურში სიარულს და საავადმყოფოსა ან აფთიაქში მისვლას. ამასთან, ხუთშაბათს პანდემიასთან ბრძოლის გამოძიების ფარგლებში, საფრანგეთის პოლიციამ რეიდი ჩაატარა მთავრობის წევრებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სახლებში. მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სამედიცინო აპარატურის უკმარისობისა და რეაგირების დაბალი ტემპის გამო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მკაცრი შეზღუდვები „აბსოლუტურ აუცილებლობას“ წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. ევროპაში მილიონობით ადამიანი იგებს, რომ ახალი მკაცრი ზომების პირობებში მოუწევთ არსებობა, როდესაც მათი ქვეყნების მთავრობები მეორე ტალღას ებრძვიან.

დღეიდან ლონდონში იკრძალება სახლებში შეკრება, რადგან გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი და ინგლისის სხვა ქალაქები უფრო მაღალი განგაშის პირობებში მოექცევიან. საფრანგეთის მსგავსად ხუთშაბათს იმატა იტალიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ. ეპიდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთშიც, დაიღუპა 286 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის ქვეყნების მთავრობებს მყისიერი მოქმედებისკენ მოუწოდა, რადგან კონტინენტმა დღეში 1 000 გარდაცვლილის ზღვრულ დონეს გადააჭარბა.

რაც შეეხება ევროპას, ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ხუთჯერ დაბალია მარტისა და აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით, როდესაც კონტინენტი პირველი ტალღის ქვეშ იყო მოქცეული. სწორედ ეს განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის მიმართულების დირექტორმა, ჰანს კლუგემ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში, შემთხვევების მატების ერთი მიზეზი ახალგაზრდებში ვირუსის გავრცელებაა. ჰანს კლუგეს შეფასებით, სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ნაკლებად სავარაუდოა ეს ასაკობრივი ჯგუფი ახალ კორონავირუსს ემსხვერპლოს, ვიდრე ხანდაზმული მოსახლეობა. თუმცა, ევროპაში ინფიცირების პროგნოზი არ არის ოპტიმისტური, განმარტა მან. თუ ევროპის ქვეყნების მთავრობები შეზღუდვებს შეარბილებენ, ვირუსის გავრცელების ტემპი 2021 წლის იანვრისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელს ოთხჯერ ან ხუთჯერ გაზრდის აპრილის მონაცემებთან შედარებით, აცხადებს დოქტორი კლუგი. მისივე თქმით, თუ ხალხის 95% პირბადეებს გამოიყენებს და სოციალურ დისტანციას დაიცავს, ევროპა თებერვლამდე დაახლოებით 281 000 ადამიანის დაღუპვას აიცილებს თავიდან. კლუგეს შეფასებით, შეზღუდვების დაწესებისას მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ფსიქიური მდგომარეობა და ოჯახური ძალადობის ალბათობა, ამასთან ყველაფერი უნდა გაკეთდეს სკოლების დახურვის თავიდან ასაცილებლად. ამასობაში ევროკომისიამ ქვეყნებს მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისკენ მოუწოდა და მთავრობებს ურჩია, კოორდინირებულად აწარმოონ კონტაქტების დადგენის სამუშაოები და საბოლოო ჯამში ვაქცინას მიმართონ. ხუთშაბათს ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტი დატოვა თვითიზოლაციაში გასვლის მიზეზით მას შემდეგ, რაც მისი აპარატის წევრი ვირუსით დაინფიცირდა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა სიფრთხილის ნიშნად თვითიზოლაციას მიმართა.

ევროპაში ვირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირების განმავლობაში დაჩქარდა, შემთხვევების მატება დაფიქსირდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ევროპაში ამჟამად ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ჩეხეთის რესპუბლიკაში ციფრები თითქმის გაორმაგდა ოქტომბერში და ჯამში 139 290 შემთხვევას მიაღწია.