ჯადოქარი, რომელიც ჰარი პოტერის სკოლაში არ გაზრდილა - კვარაცხელიას მორიგი აღიარება (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის ვებ-გვერდმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფლანგის თავდამხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც 19 წლის ქართველი ჯადოქრად მონათლა.

„რუსეთის პრემიერლიგაში არის ფეხბურთელი, რომელიც პრაქტიკაში მუდმივად იყენებს მაგიას, ჰოგვარტსის გარეშე – გაიცანით ჯადოქარი, სახელად ხვიჩა“, – წერია რუსეთის პრემიერლიგის ვებ-გვერდზე.

ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა ცნობილია ჯოან როულინგის რომანების სერიიდან „ჰარი პოტერი“, სადაც მაგიას მომავალი ჯადოქრები სწავლობენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 ტურში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, 4 პენალტი მოიპოვა და სამი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.