ჯად ტრამპმა სეზონში მეექვსე ტურნირი მოიგო და უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა

17:51, 16.03.2020

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ჯად ტრამპი სარეიტინგო ტურნირის, გიბრალტარის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

ფინალში 30 წლის ტრამპმა 4:3 დაამარცხა თანამემამულე კაირენ უილსონი, თან სამი სენჩური გაიფორმა (123, 125 და 144 ქულა). 144-ქულიანი სერია საუკეთესო იყო ტურნირზე და მისთვის ტრამპმა დამატებით 5 ათასი დოლარი მიიღო.

ტურნირის მოგებით ტრამპი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა – ის არის პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში ექვსი სარეიტინგო ტურნირი მოიგო.

ერთ სეზონში ხუთი ტურნირი მოგებული აქვთ: სტივენ ჰენდრის (1990/91), დინ ჯუნჰუს (2013/14), მარკ სელბისა (2016/17) და რონი ო’სალივანს (2017/18).

ტრამპისთვის ეს იყო მე-17 გამარჯვება კარიერაში. ამ მაჩვენებლით ის დაეწია მარკ სელბის. უფრო მეტი ტიტული აქვთ: ნილ რობერტონს (18), მარკ უილიამსს (22), სტივ დევისს (28), ჯონ ჰიგინსს (30), რონი ო’სალივანსა (36) და სტივენ ჰენდრის (36).

მომდევნო სარეიტინგო ტურნირი – Tour Championship 17-22 მარტს გაიმართება.

მსგავსი