ჯაბა კანკავა - ვაისს ვენდობი და მინდა გვერდით ისევე დავუდგე, როგორც ადრე თავად დამეხმარა #1TVSPORT
ჯაბა კანკავა - ვაისს ვენდობი და მინდა გვერდით ისევე დავუდგე, როგორც ადრე თავად დამეხმარა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ლიგა 2-ის „ვალანსიენი“ დატოვა და კარიერას ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის „სლოვანში“ გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების გამოცდილმა საყრდენმა ნახევარმცველმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდთან დაკავშირებულ იმედებსა და მოლოდინზე, ასევე, მისთვის ნაკრებიდან კარგად ნაცნობ მწვრთნელზე კომენტარი გააკეთა.

„ვიცი, რომ ბრატისლავასსლოვანი“ ტრადიციული და დიდი კლუბია, და თამაშების დაწყებას ველოდები. მინდა ყველაფერი გავაკეთო და მოედანზე ჩემი საუკეთესო თვისებები ვაჩვენო. მე ვაისს და მის სამწვრთნელო ხედვას ვენდობი და მინდა გვერდში ისევე დავუდგე, როგორც ადრე თავად დამეხმარა. ასევე მინდა, რომ „სლოვანს“ ევროპულ მატჩებში წარმატების მიღწევაში შევეშველო“, – თქვა ჯაბა კანკავამ.

საქართველოს გარდა, ჯაბა კანკავა თამაშობდა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და ყაზახეთის კლუბებში. საერთო ჯამში, მან ევროპულ ტურნირებზე 45 მატჩი ჩაატარა და 2015 წელს ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა უკრაინული „დნიპროს“ მაისურით, რომელიც 2:3 დამარცხდა „სევილიასთან“. ბოლოს ის საფრანგეთის ლიგა 2-ის „ვალანსიენში“ თამაშობდა.

35 წლის ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმდინარე შემადგენლობაში რეკორდსმენია – ის „ჯვაროსნების“ ფორმით 2004 წლიდან თამაშობს და ეროვნული ნაკრების ფორმა უკვე 97-ჯერ მოირგო. ლევან კობიაშვილის შემდეგ, კანკავა მეორე ფეხბურთელია, რომელსაც რეალური შანსი აქვს, „ასიანთა“ კლუბში შევიდეს.