იყო თუ არა დავითაშვილის გაშვება „რუბინის“ შეცდომა #1TVSPORT
იყო თუ არა დავითაშვილის გაშვება „რუბინის“ შეცდომა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი ყაზანის „რუბინიდან“ ტულის „არსენალში“ გადავიდა. გამოცემა rusfootball.info-ს ჟურნალისტი თვლის, რომ ბოლო დროს ფინანსურად კარგად აწყობილი ყაზანური კლუბისთვის ეს დიდი შეცდომა იყო.

„ზურიკო დავითაშვილი იყო 2019/20 წლების სეზონის აღმოჩენა. ნახევარმცველი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ რომან შარონოვის შემადგენლობაში და უფრო შთამბეჭდავადაც კი გამოიყურებოდა, ვიდრე მისი მეგობარი ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა, ყაზანის კარგი თამაში თანდათან გაქრა, „რუბინი“ გავარდნის ზონაში მოხვდა და შარონოვი გაათავისუფლეს“, – წერს გამოცემა.

ლეონიდ სლუცკიმ დიდი წვლილი კი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიას გახსნაში, მაგრამ rusfootball.info მიანიშნებს, რომ მან მეორე ქართველს გზა გადაუკეტა:

„გამოცდილი რუსი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დავითაშვილმა საკმარისად ითამაშა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრამ ქართველის მოქმედებებში სიმწვავე გაქრა. ზურიკომ უვნებელ ვითარებებში უფრო ხშირად დაიწყო ბურთის დაკარგვა და თამაშს ნაკლებად ამწვავებდა. შედეგად დავითაშვილი ჯერ „როტორში“ წავიდა იჯარით, შემდეგ კი ქართველმა „რუბინთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და გუნდი საერთოდ დატოვა“.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი 2021 წლის გაზაფხულზე ტულის „არსენალში“ ჩაირიცხა.