ივა გელაშვილი – მიწვევები მქონდა, მაგრამ ჯერ „იბერიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშო #1TVSPORT
ივა გელაშვილი – მიწვევები მქონდა, მაგრამ ჯერ „იბერიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ივა გელაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ ზამთარში ევროპული კლუბებიდან მიწვევები ჰქონდა, თუმცა „იბერიაში“ დარჩენა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივის გამო ამჯობინა.

„საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია და მთავარია,  „იბერიამ“ წლევანდელი ჩემპიონატიც კარგად დაიწყო. გუნდი წარმატებით თამაშობს და ეს ჯილდო, ჩემი პირადი მიღწევის გარდა, „იბერიას“ დამსახურებაც არის.

იტალიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგაც მქონდა რამდენიმე წინადადება — ზამთარშიც იყო ვარიანტები, მაგრამ ვამჯობინე აქ დარჩენა, რომ „იბერიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშო. ვიმეორებ, შემოთავაზებები ნამდვილად მქონდა და დაახლოებით 15 გუნდი მიწვევდა.

რომელ ქვეყნებში მიწვევდნენ? საუბარი ევროპულ ქვეყნებზე იყო, მაგრამ ამის დროც მოვა. საერთოდ, სადაც ვარ, მირჩევნია, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო. ტრანსფერებზე ბევრი ფიქრი არ მიყვარს — ეს მენეჯერების საქმეა“, – განაცხადა ივა გელაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

23 წლის მცველი 3 წლიდან ჩეხეთში იზრდებოდა და 17 წლის ასაკში ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო. ვარჯიში პრაღის „აბც ბრანიკში“ დაიწყო, შემდეგ იყო „ბოჰემიანსი“, ხოლო 15 წლის ასაკში პრაღის „სპარტაში“ გადავიდა, სადაც 17- და 19-წლამდელთა გუნდების კაპიტანი გახდა. ბოლოს მას მთავარ გუნდში დაწინაურების შესაძლებლობაც მიეცა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევრო 2023-ზე გამოსვლის შემდეგ ივა გელაშვილი იტალიურ სერია B-ს კლუბ „სპეციაში“ გადავიდა, თუმცა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა და „იბერიას“ შეუერთდა.

იგი საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ხოლო 2023 წელს ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდშიც მიიწვია, სადაც სადებიუტო შეხვედრა ტაილანდის ნაკრებთან ჩაატარა.